საქართველო-რუსეთი

მედვედევი სომხეთზე: თბილისში მიიღეს კანონი, რომელიც აშშ-ს არ მოეწონა და სანქციები მოჰყვა

დმიტრი მედვედევი 2022 წლის 9 მაისის აღლუმზე.
REUTERS/Maxim Shemetov

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ სტატიაში, სახელად "მეტროპოლიის დრო ამოიწურა", სომხეთსა და დასავლეთს შორის კავშირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.

მედვედევი კვლავ უჭერს მხარს საქართველოში რუსულ კანონს და სომხეთს მიმართავს, რომ თბილისის მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებას აშშ-ს სანქციები მოჰყვა. რუსი პოლიტიკოსი ასე ცდილობს, რომ ერევანს დასავლეთთან თანამშრომლობა გადააფიქრებინოს.

"ნეომეტროპოლიები უკვე უყურებენ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა რესპუბლიკებს, კერძოდ სომხეთს. რუს და სომეხ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც გამაგრებულია მოკავშირეობრივი ურთიერთობებით ОДКБ-სა და ЕАЭС-ს ფარგლებში, დიდი ხანია, რაც ვაშინგტონისთვისა და მისი პარტნიორებისთვის "თვალში ეკალი" გახდა.  ამიერკავკასიის რესპუბლიკის ევროატლანტიკურ ბანაკში გადასაყვანად მნიშვნელოვანი ძალები გამოიყენეს. შემთხვევითი არაა, რომ მის დედაქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული საელჩოა. ვხედავთ, აშშ-ს, ევროკავშირისა და NATO-ს ელჩები როგორ ხდებიან სომხეთის სტუმრები უფრო ხშირად, მარჯვნივ-მარცხნივ იძლევიან გულუხვ დაპირებებს. თუმცა, თავს ნუ გაისულელებთ: მსგავსი დაპირებები მხოლოდ სატყუარაა ნეოკოლონიალისტურ თაგვსაჭერში. არავინ აპირებს სომეხი ხალხისთვის გახსნას კარი "რჩეულთა კლუბში" - ჰკითხეთ ნეობანდერელებს, გამოუვიდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. არა, და ახლო მომავალში ვერც მიიღებენ. მიიღებენ კი საერთოდ? დაე შეხედონ საქართველოს, სადაც მცირე ხნის წინ მიიღეს კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონა. და რა? რა და სანქციები! ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის მარტში მიღებული რეზოლუცია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესახებ, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ქაღალდია ვალდებულებების გარეშე." – წერს მედვედევი.

კომენტარები