ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ლატვია ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. X-ზე გამოქვეყნებული განცხადებაში ლატვია გმობს ე.წ. "არჩევნებს" და არ ცნობს მის ლეგიტიმურობას. 

"ლატვია გმობს 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ლატვია არ ცნობს არც არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგებს. ლატვია იმეორებს საკუთარ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ლატვია მოუწოდებს რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და სირიას, რომ გაიწვიონ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. "სახელმწიფოებრიობის" აღიარება. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღნიშნულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში". - წერია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. "არჩევნებს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა განცხადებით, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც "უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". 

კომენტარები