ევროკავშირი-საქართველო

იოზვიაკი: ევროკომისია საქართველოზე მოხსენებას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გამოაქვეყნებს

EU

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ევროკომისია გამოაქვეყნებს მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით, "თუ როგორ უნდა უპასუხონ ამ ე.წ. უცხოური აგენტების კანონს".

იოზვიაკის განცხადებით, საგარეო მინისტერიალსა და ერთ-ერთ სამიტზე იგეგმება დისკუსია, სადაც განიხილება საქართველოს საკითხი, მათ შორის, ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება.

"ახლა ევროკომისია გამოაქვეყნებს მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა ზომების შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ამ ე.წ. უცხოური აგენტების კანონს. ეს მოხსენება გამოქვეყნდება, ალბათ, მომავალ კვირას და შემდეგ ევროკავშირს ექნება ორი დისკუსია, ჯერ საგარეო მინისტერიალზე და შემდეგ კიდევ ერთ სამიტზე, სადაც საქართველოს საკითხი განხილული იქნება.

ყველა ზომა განიხილება, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა არ ეთანხმება, რადგან ეს ზიანს მოუტანს ყველას საქართველოში, თუმცა, ეს არის ამასთანავე ერთადერთი ზომა, რომელსაც არ სჭირდება ერთსულოვნება, რადგან სანქციების დაწესების შემთხვევაში საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, უნგრეთი და სლოვაკეთი კი ამას დაბლოკავენ. ასევე, არის კიდევ ერთი ვარიანტი, რასაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების არდაწყება ჰქვია, რაც ყველაზე მეტად სავარაუდოა". - თქვა იოზვიაკმა. [მთავარი არხის სინქრონული თარგმანი]

კომენტარები