რუსეთი-კუბა

რუსეთი კუბის წყლებში წვრთნებისთვის საბრძოლო ხომალდებს გზავნის

REUTERS/Anton Vaganov/File Photo

Reuters აშშ-ს უფროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი თავის საბრძოლო ხომალდებს კუბის წყლებში წვრთნებისთვის გაგზავნის. ჰავანაში რუსული გემების ჩასვლის შესახებ ინფორმაციას კუბაც ავრცელებს, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხომალდები რეგიონისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"რუსეთის რეგულარული სამხედრო წვრთნების ფარგლებში მოველით, რომ ამ ზაფხულს რუსეთის საზღვაო და საჰაერო აქტივობა შეერთებული შტატების ახლოს გამაღლდება. ეს ქმედებები ამ შემოდგომას გლობალური რუსული საზღვაო წვრთნებით დასრულდება". - თქვა მაღალჩინოსანმა.

გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ასევე სავარაუდოდ ვენესუელაშიც გაჩერდება. 

"მოველოდებით, რომ რუსეთი საზღვაო ხომალდებს კარიბის რეგიონში დროებით გაგზავნის და ეს გემები, სავარაუდოდ, კუბაში და, შესაძლოა, ვენესუელაში შეჩერდებიან. შესაძლებელია, რომ რეგიონში თვითმფრინავთა განთავსებებიც და ფრენებიც იყოს". - თქვა მაღალჩინოსანმა.

Reuters-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ დღეში კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით, რუსული ხომალდები ჰავანაში შემდეგ კვირაში, 12 ივნისიდან 17 ივნისამდე უნდა ჩავიდეს. ასევე ხაზგასმულია, რომ არცერთი გემი ბირთვულ შეიარაღებას არ ატარებს და, შესაბამისად, რეგიონისთვის უსაფრთხოა.

"ეს ვიზიტი შეესაბამება კუბასა და რუსეთის ფედერაციას შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს და საერთაშორისო რეგულაციებს მკაცრად შეესაბამება. [...] არცერთი გემი არ ატარებს ბირთვულ შეიარაღებას, ამიტომ მათი შეჩერება ჩვენს ქვეყანაში რეგიონისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ". - წერია განცხადებაში.

კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების განცხადებაში წერია, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ფლოტის ფრეგატი ადმირალი გორშკოვი, ატომური წყალქვეშა ნავი კაზანი, ტანკერი აკადემიკოსი პაშინი და სამაშველო-საბუქსირო გემი, ნიკოლაი ჩიკერი.

Reuters-თან საუბრისას მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ამ ქმედებას რუტინულ აქტივობად აღიქვამენ და "არ ადარდებთ რუსეთის განთავსებები, რომლებიც აშშ-სთვის არანაირ პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს".

"ამით რუსეთი აჩვენებს, რომ გლობალური ძალის პროექცირება გარკვეულ დონეზე კვლავ შეუძლია". - თქვა მაღალჩინოსანმა.

მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი ამას 2013-2020 წლებში ყოველწლიურად აკეთებდა.

"სამომავლოდ უფრო მეტ ასეთ ქმედებას უნდა მოველოდეთ, თუმცა შევნიშნავთ, რომ ეს მგზავრობები ხარჯიანია რუსეთის საზღვაო ძალისთვის, რომელსაც დაძველებული ფლოტის გამო მზაობის შენარჩუნება და გადაადგილებების მოწყობა უჭირს". -თქვა მაღალჩინოსანმა. 

კომენტარები