აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის ბრალდებას, თითქოს აშშ-ს საქართველოში "მაიდანის სცენარით" ხელისუფლების დამხობა სურს.
მილერმა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს კრემლის მიერ მხარდაჭერილი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ხალხის მიერ წინააღმდეგობის გამოხატვა იყო. მისი თქმით, ამ ყველაფერთან აშშ-ს საერთო არაფერი აქვს.
"პასუხი, რომელიც კრემლის დეზინფორმაციაზე გაგეცით, აქაც გამოდგება. რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის საქართველოს მთავრობის მიერ კრემლის მხარდაჭერილი კანონის მიღების წინააღმდეგ ქართველი ხალხის მხრიდან საკუთარი ნებისა და წინააღმდეგობის გამოხატვა. ეს არაფერ შუაშია შეერთებულ შტატებთან. ეს არის ქართველი ხალხის მიერ თავიანთი შეხედულების გამოხატვა." - უპასუხა ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მილერმა გალუზინის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.





