გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

შოლცი: ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ, ხალხის ხმა უნდა იქნეს გაგებული

REUTERS/Fabrizio Bensch/ File Photo

შენიშვნა და შესწორება:

ახალი ამბის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ გერმანიის კანცლერმა აღნიშნული კომენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. 

იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს აღნიშნული ციტატა X-ზე კონტექსტის გარეშე ჰქონდა გაზიარებული, კომენტარი იკითხებოდა კანცლერის მოსაზრებად საქართველოს შესახებ. 

რეალურად, გერმანიის კანცლერის ციტატა არის მისი მიმართვიდან, რომელიც გერმანიაში 5 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გახსენებით დაიწყო და ქვეყანაში გახშირებულ პოლიტიკური და სიძულვილის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს ეხება. დაზუსტებისთანავე, ინფორმაცია ჩასწორდა.

კანცლერმა გაიხსენა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და კასელის რეგიონის ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელის, ვალტერ ლუბკეს მკვლელობა. ლუბკე ნეონაცისტმა ექსტრემისტმა 2019 წლის 2 ივნისს მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, კერძოდ, მიგრანტებთან მისი დამოკიდებულების გამო მოკლა. შოლცმა ასევე გაიხსენა 20 წლის წინ, ქალაქ კიოლნში, თურქულ უბანში ნეონაცისტების მიერ მოწყობილი ტერაქტი, რომლის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა. კანცლერის შეფასებით, ამ ორი შემთხვევის გახსენება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს გერმანიაში 60 000-მდე პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაული აღირიცხა.

ტაბულა ბოდიშს უხდის მკითხველს უზუსტობისთვის.

"ბოლო დროს იზრდება პოლიტიკური შუღლი და თავდასხმები. სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უშეცდომოდ უნდა იქნეს გაგებული." - ავრცელებს პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კომენტარს.

 

კომენტარები