რუსული კანონი

ბუჩუკური: ჩვენი პარტიის წევრების მიმართ მუქარის შემცველი ათობით ზარი განხორციელდა

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, მისი, პარტიის სხვა წევრებისა და მათი ოჯახების მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები განხორციელდა. ბუჩუკური ამბობს, რომ ისინი ამაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას აკისრებენ.

"რუსული კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ კანონის მოწინააღმდეგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების მიმართ, ორგანიზებული, სისტემური, ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის შემცველი მუქარა ახალი ძალებით დაიწყო. გუშინ ძალადობის შემცველი მუქარები ჩვენი პარტიის დეპუტატების მიმართ განხორციელდა. მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან - ჩემთან დაკავშირებული მუქარით. ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან.

განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამ დრომდე, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული. ძალადობასა და ძალადობის შემცველ მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსა და მის ქართულ ოცნებას ვაკისრებთ, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერისა და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება პრაქტიკულად შეუძლებელია. მუქარა არავის შეგვაშინებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია". - თქვა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიგინგზე.

ბუჩუკური ამბობს, რომ ისინი ამ ფაქტზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებსა და პროკურატურას მიმართავენ და უახლოეს დღეებში, მათ საქმეზე კონკრეტულ მტკიცებებსაც გადასცემენ.

ვეტოს დაძლევისა და რუსული კანონის მიღების შემდეგ, რეჟიმმა კანონის მოწინააღმდეგე ადამიანების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების განხორციელება ისევ განაგრძო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი წერს.

კომენტარები