ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას მხარი დაუჭირა

სლოვენიის პრემიერმინისტრი რობერტ გოლობი

30 მაისს სლოვენიის მთავრობამ მხარი დაუჭირა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას და პარლამენტს ამავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, რობერტ გოლობმა თქვა, რომ მისმა მთავრობამ აღიარების მოთხოვნა პარლამენტს გადაუგზავნა და სხდომა შესაძლოა შედგეს არაუგვიანეს მომდევნო კვირისა.

"მთელმა მსოფლიომ მშვიდობის მიმართულებით უნდა იმუშაოს. მშვიდობის მიღწევის გზა ორი სახელმწიფოს პრინციპია... გადაწყვეტილება არავის წინააღმდეგაა მიმართული, ისრაელის წინააღმდეგაც არაა, არამედ ეს არის გზავნილი მშვიდობისადმი" – თქვა გოლობმა.

სლოვენიის მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა ისრაელის მხრიდან. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა გამოთქვა იმედი, რომ სლოვენიის პარლამენტი ამ მოთხოვნას არ მიიღებს.

"სლოვენიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სლოვენიის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს ჰამასს მკვლელობებისთვის, გაუპატიურებისთვის, სხეულების დასახიჩრებისთვისა და ბავშვების თავების მოჭრისთვის აჯილდოებს და აძლიერებს ირანის ბოროტების ღერძს, პარალელურად აზიანებს სლოვენიისა და ისრაელის ხალხის ახლო მეგობრობას." – თქვა ისრაელ კაცმა.

სლოვენიის მთავრობის გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის პარლამენტის დასტური აუცილებელია, თუმცა გოლობის ლიბერალური კოალიცია უმრავლესობას იკავებს და ეს მხოლოდ ფორმალური პრიცესი იქნება.

აქამდე იგივე გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ, რაც დაგმო ისრაელმა. ამ გადაწყვეტილებით, სლოვენია გახდება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 10-ე წევრი, რომელსაც პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარებული აქვს. ნორვეგია ევროკავშირის წევრი არაა, თუმცა მათი პოლიტიკა ბლოკის პოლიტიკას ხშირად ემთხვევა.

სლოვენიამ თავდაპირველად აღიარების პროცესი მაისის დასაწყისში დაიწყო, თუმცა აცხადებდნენ, რომ დაელოდებოდნენ გაუმჯობესდებოდა თუ არა მდგომარეობა ღაზის სექტორში. ბოლო კვირაში გალობმა თქვა, რომ ისრაელის მიერ რაფაზე მიტანილი იერიშების პასუხად პროცესი გაგრძელდებოდა.

კომენტარები