ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

კირბი: ისრაელის ოპერაციას რაფაში აშშ-სთვის წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს

თეთრი სახლის სპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ რაფაში ისრაელის ოპერაციის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ ოპერაციას ჯერჯერობით აშშ-სთვის წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. კირბის თქმით, ისრაელს რაფაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არ დაუწყია, არამედ წერტილოვანი დარტყმებით შემოიფარგლება

ჟურნალისტებმა ჯონ კირბის კითხვა დაუსვეს 26 მაისს რაფაში ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილ იერიშზე, რასაც მინიმუმ 45 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. კირბიმ თქვა, რომ აღნიშნული ოპერაცია ჰამასის ორი წევრის გასანეიტრალებლად ჩატარდა და ხანძარ, შესაძლოა ლტოლვილთა ბანაკში ჰამასის იარაღის საცავის აფეთქებას გამოეწვია. კირბიმ რეპორტიორებთან საუბრისას სარაკეტო თავდასხმის შემდგომი ფოტოები შეაფასა, როგორც გულსატკენი და შემაძრწუნებელი. კირბიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ ემხრობა რაფაში მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაადასტურა, რომ ყურადღებით აკვირდებიან რაფაში განვითარებულ მოვლენებს და 26 მაისის სარაკეტო თავდასხმის გამოძიებას. 

28 მაისს ისრაელმა რაფაში სტრატეგიული მნიშვნელობის მთა დაიკავა ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს. რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის შეზღუდავდა ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას, თუ ისრაელი რაფაში პოპულაციურ ცენტრებზე მიიტანდა იერიშს. აშშ-მ ისრაელს მძიმე ბომბების მიწოდება რაფას ოპერაციის დაწყებისთანავე შეაჩერა. 

კომენტარები