თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის კომენტარს და ამბობს, რომ არ არსებობს ფაქტი, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა.
"ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს მათი უფლებაა, არავინ ზღუდავს ამაში. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, ამას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში
ყოველთვის მოჰყვება რეაგირება." - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, სამართალდამცველების მიერ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი და ალეკო ელისაშვილი თავად შევარდნენ პოლიციის კორდონში.
"ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის კორდონში შევარდნენ. მეტიც, გვახსოვს ალეკო ელისაშვილის განცხადებები, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს, შევარდნილიყვნენ და იქ დესტრუქცია გამოეწვიათ." - ამბობს კალაძე.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ, 28 მაისს განაცხადა, რომ "მე ახალგაზრდებს არ ვცემ, ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს."





