ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუ რაფაში ბანაკზე მიტანილ იერიშზე: უბედური შემთხვევა იყო

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, გასულ ღამეს რაფაში, ერთ-ერთ ბანაკზე მიტანილი იერიში "უბედური შემთხვევა იყო". 

"ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ისინი არ დაგვეშავებინა, მოხდა ტრაგიკული უბედური შემთხვევა. ინციდენტს ვიძიებთ... ჩვენთვის ეს არის ტრაგედია, ჰამასისთვის – სტრატეგია." – თქვა ნეთანიაჰუმ.

26 მაისის ღამეს ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის სექტორის ქალაქი რაფას დასავლეთ ნაწილში მდებარე თელ სულთანის რაიონზე. დარტყმის სამიზნე იყო ჰამასის ე.წ. დასავლეთ სანაპიროს შტაბბინის მეთაური, რომელსაც ბრალად ედებოდა ისრაელზე თავდასხმების მოწყობა ღაზის სექტორიდან და დასავლეთ სანაპიროდან. სამიზნე იყო ამავე დანაყოფის კიდევ ერთი მაღალი რანგის წევრი. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მოკვდა, თუმცა იერიშს, ჰამასის ჯანდაცვის სტრუქტურების ცნობით, 45-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ. დარტყმის შედეგად ბანაკში, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად თავს ორი მაღალი რანგის ტერორისტი აფარებდა, გაჩნდა ხანძარი და დაიწვა კარვები. 

ამას გარდა, ქნესეთში სიტყვით გამოსვლის დროს ნეთანიაჰუმ თქვა, რომ რაფაში ისრაელის ოპერაციის საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად საბრძოლო მოქმედებებს გამარჯვებამდე გააგრძელებენ.

"არ ვაპირებ ომი მანამ დავასრულო, სანამ ყველა მიზანი არ შესრულდება. თუ დავნებდებით, ხოცვა-ჟლეტა დაბრუნდება." – თქვა ისრაელის პრემიერმა. 

ამას გარდა, ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლის დროს უარყო, თითქოს ის ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას ბლოკავს.

რაფაში 26 მაისის იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოძიება დაიწყო. IDF-ის ცნობით, მათ დარტყმა სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიტანეს და გადადგეს "ბევრი ნაბიჯი უდანაშაულოების დაშავების" თავიდან ასარიდებლად.

 

კომენტარები