რუსული კანონი

ბერბოკი: ამ კანონით მთავრობა ეწინააღმდეგება ხალხს და პირველ რიგში ევროპულ პერსპექტივას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, კანონით, რომელიც ევროპული საბჭოს შეფასებით ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება საკუთარ ხალხს და პირველ რიგში ევროპულ პერსპექტივას. ამის შესახებ ბერბოკმა ევროპული საბჭოს დაწყებამდე ისაუბრა.

"როგორც ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იყო და ესაუბრა უამრავ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს და უპირველეს ყოვლისა ქალებს, რომლებიც აპირებენ გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს ბლოკავს თავისი ხალხის და პირველ რიგში ახალგაზრდობის ამ დიდ ოცნებას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ბლოკავს იმ კანონით, რომელზეც ევროპულმა საბჭომ ნათლად თქვა, რომ არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. ამით საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება საკუთარ ხალხს, რომელიც როგორც ვხედავთ ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში. ამ გზით მთავრობა პირველ რიგში ეწინააღმდეგება [საქართველოს] ევროპულ პერსპექტივას.

ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დავუდასტურეთ ქართველებს მათი ევროპული პერსპექტივა და, შესაბამისად, ხელი გავუწოდეთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია: ევროპულ გზაზე დადგომა შეიძლება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას სურს ამ გზაზე ყოფნა, არამედ ამისთვის საჭიროა მთავრობაც. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას არ შეუძლია ამ კანონის ხელმოწერა, ისიც, რომ ხალხი, რომელიც ქუჩებშია გამოსული, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული, რასაც ამბობს ევროპული საბჭოც, ხაზს უსვამს, რომ ყველა აქტორს სურს, გააკეთონ ყველაფერი იმის მისაღწევად, რომ საქართველოს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რადგანაც სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება". - თქვა ბერბოკმა.

კომენტარები