ქართული ქარტია

ჯაფარიძე: ლელო შეუერთდება ქარტიას, რამდენადაც ის შეესაბამება მთავარ მიზანს

ძალიან დადებითად [შევაფასებდი], მიგვაჩნია რომ ეს არის სწორედ მკაფიო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. შესაბამისად, ეს არის გეგმა, რომლის ქვეშ უნდა ავიღოთ ყველა პროევროპულმა პარტიამ ვალდებულება, შესაბამისად ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელი იქნება, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როდესაც ქართული ოცნება ჩამოშორდება ხელისუფლებას და გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც განახორციელებს სწორედ იმ გეგმას, რომელიც პრეზიდენტმა განაცხადა და არის სწორედ გარანტია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ასეთი ქარტიის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იმ ერთიანობას უზრუნველყოფს, არა ერთად მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ერთიანობას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ერთიანობას ჩვენს გეგმებში და უკვე საზოგადოებას მკაფიოდ ეცოდინება, რას გააკეთებენ პოლიტიკური ძალები, როგორც კი ისინი შექმნიან კოალიციური მთავრობას.

ლელო აუცილებლად შეუერთდება ქარტიას, რამდენადაც ის შეესაბამება მთავარ მიზანს, რომელიც ახლა საზოგადოებასა და ყველა პროევროპულ პარტიას აქვს, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ძალიან სწრაფად განხორციელდეს რეფორმები, რომელიც ჭირდება ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს არის სწორედ ქარტია, რომელიც იძლევა ამ მოლაპარაკებების გახსნის გარანტიას შესრულების შემთხვევაში.

ასე გამოეხმაურა ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ "ქართულ ქარტიას". პრეზიდენტმა წარადგინა ქარტია, რომლის ფარგლებშიც პროევროპულ პარტიებს შეთანხმებას სთავაზობს, რაც მისივე თქმით, ერთიან სიას არ ითვალისწინებს.

კომენტარები