GWP: მოსალოდნელია არაგვში წყლის მატება, იფრთხილეთ მის კალაპოტთან გადაადგილებისას

მდინარე არაგვი

კომპანია GWP მოსახლეობას მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატების შესახებ აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ნაკადის მატება უხვი ნალექითა და ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებითაა გამოწვეული. 

"2024 წლის 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით. Ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი.

წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით" - წერია GWP-ის განცხადებაში.

კომპანია სთხოვს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას.

 

კომენტარები