რუსული კანონი

"აშშ უნდა იდგეს ქართველი ხალხის გვერდით" – მაკკეინის და ბუშის ინსტიტუტები, Freedom House

მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და Freedom House საქართველოში მიმდიანრე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ცნობილი სიტყვები წარმოთქვა, რომ "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". დღეს, ჩვენი ორგანიზაცია კვლავ დგას ქართველი ხალხთან და მათ მოთხოვნასთან, ჰქონდეთ თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი" – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციების მიხედვით, ქართული ოცნების მიღებული რუსული კანონი დააზიანებს სამოქალაქო სექტორსა და დემოკრატიას.

"კანონმდებლობას, რომელიც რუსეთში დისიდენტებისა და ოპოზიციის შეზღუდვისთვის შექმნილი კრემლის კანონის იდენტურია, საზარელი გავლენა ექნება საქართველოში სამოქალაქო სექტორსა და დემოკრატიაზე" – ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნული ორგანიზაციები მოუწოდებენ აშშ-სა და ევროპულ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ამ კანონის მიღებაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს. 

"მოვუწოდებთ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს, დაუყონებლივ დაუწესონ მოგზაურობის შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ზიანის მიყენებაში, მათ შორის, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს. აშშ უნდა იდგეს ქართველი ხალხის გვერდით ქართული ოცნების მთავრობის ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ" – წერია განცხადებაში. 

აშშ უნდა იდგეს ქართველების გვერდით მთავრობის ავტოკრატიული ქმედების წინააღმდეგ

კომენტარები