გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ცნობილ ილუზიონისტ დევიდ კოპერფილდს სექსუალურ ძალადობასა და შეუსაბამო ქცევაში 16 ქალი ადანაშაულებს. ბრალმდებლების თქმით, შემთხვევები 1980-იანი წლებიდან 2014 წლის ჩათვლით ხდებოდა.
მომჩივანთა ნახევარზე მეტის განმარტებით, ძალადობის მომენტისთვის ისინი 18 წელს მიღწეულები არ იყვნენ. ზოგის თქმით, ისინი მხოლოდ 15 წლისები იყვნენ, თუმცა კოპერფილდს შესაძლოა მათი ზუსტი ასაკი არ ცოდნოდა.
4 ქალი ამტკიცებს, რომ კოპერფილდი მათ ეხებოდა ან საკუთარ სხეულზე შეხებას გამოსვლების დროს აძალებდა. ერთ-ერთი ქალის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ კოპერფილდი იმ მომენტში 15 წლის სავარაუდო მსხვერპლს მკერდზე ეხებოდა.
ცნობილი ილუზიონისტის ადვოკატების თქმით, "ბრალდებები სრულიად არადამაჯერებელი სიცრუეა".
The Guardian-მა გამოძიების მსვლელობისას დაადგინა, რომ რამდენიმე სავარაუდო მსხვერპლს ილუზიონისტი სამოდელო ან გართობის ინდუსტრიაში წინსვლას დაპირდა.
რამდენიმე ქალი ამბობს, რომ კოპერფილდი ჯერ ნარკოტიკებით აბრუებდა, შემდეგ კი ნების საწინააღმდეგოდ მათთან სექსით კავდებოდა.
კოპერფილდს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მილიონერ ჯეფრი ეპსტინთან, რომელსაც სექსუალურ ძალადობა და ადამიანებით ვაჭრობა ედებოდა ბრალად. ეპსტინმა ვერდიქტის გამოტანამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.





