რუსეთი

დასავლეთის რევანშიზმი და პატივისცემა ჩინელ ხალხს – რაზე ისაუბრა პუტინმა 9 მაისის პარადზე

ვლადიმირ პუტინი 2024 წლის 9 მაისის პარადზე.
კრემლი

9 მაისს, როცა რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, ვლადიმირ პუტინი ტრადიციულად ჩატარებულ პარადზე სიტყვით გამოვიდა.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს, ვეტერანებს, სამხედროებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეებს მიულოცა გამარჯვების დღე, რომელსაც რუსეთისთვის "ყველაზე მთავარი, ნამდვილად ეროვნული წმინდა დღესასწაული".

პუტინი კვლავ ირწმუნებოდა, თითქოს დასავლეთსა და უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებას ცდილობენ. რუსეთის პრეზიდენტმა "დასავლეთის ელიტები" რევანშიზმსა და ახალი რეგიონული და ეთნიკურ-რელიგიური კონფლიქტების გაჩაღების სურვილშიც დაადანაშაულა.

"დღეს ვხედავთ, როგორ ცდილობენ დაამახინჯონ სიმართლე მეორე მსოფლიო ომზე. ის ხელს უშლის მათ, ვინც მიეჩვია საკუთარი კოლონიალური პოლიტიკის შენებას ფარისევლობასა და ტყუილზე. ისინი ანგრევენ ნაციზმთან ჭეშმარიტი მებრძოლების მემორიალებს, კვარცხლბეკებზე დგამენ მოღალატეებსა და ჰიტლერის თანამზრახველებს, გადახაზავენ განმათავისუფლებელი ჯარისკაცების ხსოვნას გმირობასა და კეთილშობილებაზე, იმ დიდებულ მსხვერპლზე, რომელიც მათ სიცოცხლის სახით გაიღეს. რევანშიზმი, ისტორიის დაცინვა, მისწრაფება, გაამართლონ ნაცისტების ახლანდელი მიმდევრები - ეს არის დასავლეთის ელიტის საერთო პოლიტიკის ნაწილი ახალი რეგიონული კონფლიქტების, ეთნიკური და რელიგიათაშორისი მტრობის გასაჩაღებლად, მსოფლიო განვითარების სუვერენული, დამოუკიდებელი ცენტრების შესაკავებლად." – თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა არ დაუშვან გლობალური დაპირისპირება, თუმცა, აქვე დაამატა: "არავის მივცემთ ჩვენთვის დამუქრებას. ჩვენი სტრატეგიული ძალები მუდამ სამხედრო მზადყოფნაშია".

პუტინის მტკიცებით, დასავლეთს მეორე მსოფლიო ომის "გაკვეთილების" დავიწყება სურს. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის ქალაქებთან, "მურმანსკიდან კავკასიამდე და ყირიმამდე" მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე ბრძოლებში "კაცობრიობის ბედი წყდებოდა".

"დასავლეთში სურთ, დაივიწყონ მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, ჩვენ კი გვახსოვს, რომ კაცობრიობის ბედი წყდებოდა გრანდიოზულ ბრძოლებში მოსკოვთან და ლენინგრადთან, რჟევთან, სტალინგრადთან, კურსკთან და ხარკოვთან, მინსკთან, სმოლენსკთან და კიევთან, მძიმე სისხლისმღვრელ ბრძოლებში მურმანსკიდან კავკასიამდე და ყირიმამდე." – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი ირწმუნება, რომ ნაცისტური გერმანიის სამხედრო გაძლიერებისთვის "პრაქტიკულად მთელი ევროპა მუშაობდა". პუტინი ამ ნარატივით მეორე მსოფლიო ომის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან გაიგივებას ცდილობს.

პუტინმა მესამე რაიხის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ გახსნილი მეორე ფრონტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამას არ ივიწყებენ. აქვე, მან ახსენა ჩინეთი, რომელიც ამჟამად რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

"ამავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: რუსეთს არასდროს დაუმცირებია მეორე ფრონტისა და მოკავშირეთა დახმარების მნიშვნელობა. ჩვენ პატივს მივაგებთ ანტიჰიტლერული კოალიციის ყველა მებრძოლს, წინააღმდეგობების მონაწილეებს, მიწისქვეშა მოძრაობების მებრძოლებს, პარტიზანებს, იმ ჩინელი ხალხის სიმამაცეს, რომლებიც მილიტარისტული იაპონიისგან საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძოდნენ. და ეს მუდამ გვემახსოვრება, არასდროს დავივიწყებთ ჩვენ საერთო ბრძოლასა და მოკავშირეობის შთამაგონებელ ტრადიციებს." – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ახლა რუსეთი რთულ პერიოდშია და მისი ბედი ყოველ ადამიანზეა დამოკიდებული. მან მეორე მსოფლიო ომი უკრაინაში მიმდინარე ომს პირდაპირ შეადარა.

"რუსეთი ახლა რთულ, გარდამავალ პერიოდს გადის. სამშობლოს ბედი, მისი მომავალი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. დღეს, გამარჯვების დღეს, ამას ვიაზრებთ კიდევ უფრო მკაფიოდ და ნათლად და უცვლელად ვუტოლდები გამარჯვებულთა თაობას... გამარჯვების დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში აღვნიშნავთ. ყველა მისი მონაწილე, ისინი, ვინც წინა ხაზზე არიან, ვინც საბრძოლო შეხების ხაზზე არიან - ჩვენი გმირები არიან. ქედს ვიხრით თქვენი გამძლეობისა და თავგანწირვის, თავდადების წინაშე. თქვენთან არის მთელი რუსეთი." – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა პარადზე სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები