თავდასხმა ლადო აფხაზავაზე

ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ლადო აფხაზავა
CENN/Facebook

ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რუსთავი ორის ცნობით, კობა ფიფაიშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს პროკურატურამ ბრალი 8 მაისს წარუდგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს 5 მაისს დაესხნენ და სცემეს.

კომენტარები