საქართველო-აშშ

სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი კობახიძეს "ამჟამინდელი ტრაექტორიით" შეშფოთებაზე ესაუბრა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე X-ზე წერს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს "ამჟამინდელ კურსთან" დაკავშირებით შეშფოთება აცნობეს.

"პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ ჩვენი შეშფოთება შევატყობინეთ - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონპროექტის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დარჩეს ერთგული საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისა, რაც ქართველთა დიდი უმრავლესობის სურვილია." – წერს შოლე.

აქამდე აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, რაზეც ქართული მხარისგან უარი მიიღეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე "დათქმით" მიიწვია. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-მ ქართული მხარისგან "გამჭვირვალობაზე" კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერება მოითხოვა.

 

კომენტარები