სუს

სკოლებს მთელი ღამე ვამოწმებდით, ასაფეთქებელი არ აღმოგვიჩენია - სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში კონტრტერორისტული სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, რამე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ უპოვიათ.

”მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. 

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს” - აცხადებს სუს.

სოციალურ ქსელ ტელეგრამზე გაჩნდა რუსულენოვანი არხი, რომელზეც ანონიმური პირები წერდნენ, რომ თბილისში 22 აპრილს რამდენიმე სკოლაზე თავდასხმას გეგმავდნენ. 

მსგავსი პოსტები გასულ თვეებში ბათუმის სკოლებთან და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებითაც გავრცელდა, რაც ასევე სიცრუე აღმოჩნდა.

კომენტარები