რუსული კანონი

ამ დროისთვის შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებაში წერს, რომ ამ დროისთვის რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება და შსს-ს მოუწოდებს, აქციის მონაწილეების შეკრების უფლებაში არ ჩაერიოს.

"ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი". - წერია განცხადებაში. 

ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებს, ხოლო "შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა". 

"სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს". - წერია განცხადებაში.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები