ირანის თავდასხმა ისრაელზე

შიკორსკი: ბრავო ისრაელს, მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები უკრაინასაც უნდა გადაეცეს

რადოსლავ შიკორსკი
LSM.lv

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ ისრაელის მიერ ირანის თავდასხმის მოგერიება შეაქო და თქვა, რომ მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უკრაინასაც უნდა გაუგზავნონ. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

"ბრავო ისრაელს ირანის მსხვილი საჰაერო იერიშის მოგერიებისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებიდან იყო კოორდინირებული. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინასაც უნდა გაეგზავნოს". - წერს შიკორსკი.

შიკორსკიმ ასევე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს მოუწოდა, რომ ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტს კენჭი უყარონ. 


ირანმა, რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო და დრონების იერიში 14 აპრილის დადგომასთან ერთად მიიტანა. 

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.

კომენტარები