რუსული კანონი

პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს – პრეზიდენტის მდივანი რუსულ კანონზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, რუსული კანონის რეგისტრაცია მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტი აღნიშნული კანონს ვეტოს დაადებს. 

"პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაადებს".- ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, პრედენტის მდივანმა გიორგი მსხილაძემ. 

"ყველამ იხილეთ რა რეაქცია მოყვა უმრავლესობის მხრიდან აღნიშნული კანონის ინიციირებას. ამას გამოეხმაურა, როგორც ევროკავშირი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ ბიუროზე, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო და არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონის განხილვა კომიტეტებში და ზოგადად შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარასდროს აღარ დაბრუნდებოდა".- თქვა სალომე ზურაბიშვილის მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 


ქართული ოცნების დეპუტატმა, გივი მიქანაძემ თქვა, რომ 8 აპრილს პარლამენტში კანონის რეგისტრაციის და სამი მოსმენის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუმცა "ეს ყველაფერი, ვეტოს დაძლევით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება".

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები