რუსული კანონი

7 ოპოზიციური პარტია: რუსული კანონი საქართველოს ეროვნული გზის ღალატია

Getty Images

საქართველოს 7 ოპოზიციური პარტია ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ხელახლა წარდგენილ რუსულ კანონპროექტს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. 

გთავაზობთ განცხადების სრულ ვერსიას: 

"პროევროპული პარტიები: რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია

ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც 1 წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

დღეს, ქართული ოცნების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდის და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან.

ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება.

ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია" – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ახალი 
  • გირჩი - მეტი თავისუფლება
  •  დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 
  • ლელო საქართველოსთვის 
  • რესპუბლიკური პარტია
  • სტრატეგია აღმაშენებელი

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. 

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

 

კომენტარები