ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: თუ ისრაელი არ დაიცავს მოსახლეობას, აშშ ღაზასთან მიმართებით პოლიტიკას გადახედავს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, ღაზის სექტორში დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოება. 

ბაიდენის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს მოუწევს ღაზასთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკის გადახედვა. 

"დღეს, მე ვესაუბრე პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს, რათა მეთქვა, რომ ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმა და ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში მიუღებელია. ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების დასაცავად და ამავდროულად იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რათა მძევლები სახლებში დაბრუნდნენ" – წერს ბაიდენი X-ზე. 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აშშ-ს პოლიტიკა აღნიშნული კონფლიქტის მიმართ დამოკიდებული იქნება ისრაელის ქმედებებზე. 

"ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეცვლის ისრაელი საკუთარ ქცევას, როგორ შეცვლის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. პირველ რიგში, შევხედოთ ისინი რას გააკეთებენ და შევხედოთ, როგორ შეასრულებენ იმას, რასაც იტყვიან. ჩვენი პოლიტიკა დამყარებული იქნება ისრაელის ქმედებების შეფასებაზე" – ამბობს კირბი.

რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარული დახმარების ახალ, დროებით დერეფნებს გახსნის. ახალი დერეფნები ისრაელის აშდოდის პორტზე და ერეზის გასასვლელზე გაივლის

ინფორმაცია ახალი ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა. ბოლო დღეების მანძილზე თეთრი სახლი აქტიურად მოუწოდებდა ისრაელს დაუყოვნებლივ გაეხსნა ახალი ჰუმანიტარული დახმარების გზები ღაზისთვის. 

როგორც ცნობილია აშდოდიდან და ერეზიდან მიმავალი ეს დერეფნები გაამარტივებს ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვას იორდანიიდან ღაზის მიმართულებით. ერეზის დერეფანი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ პირველად გაიხსნება. ეს დერეფანი ომის დასაწყისში პალესტინური ისლამისტური ჯგუფების იერიშების შედეგად განადგურდა. 

2 აპრილს,  ღაზაში ისრაელის თავდასხმას საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. ორგანიზაციამ ღაზის სექტორში მუშაობა შეაჩერა

World Central Kitchen-ის ცნობით, მათი თანამშრომლების მანქანაზე იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანა, მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარულმა მუშაკებმა ჩრდილოეთ ღაზის ერთ-ერთ დასახლებაში საკვები მიიტანეს. 

"ჩვენ ვართ განადგურებულები, რომ გვიწევს შეგატყობინოთ, ჩვენი 7 თანამშრომელი ღაზაში IDF-ის იერიშს ემსხვერპლა. ჩვენი გუნდი გადაადგილდებოდა არაკონფლიქტურ ზონაში ორი მანქანით, რომლებზეც WCK-ს ლოგო ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება კოორდინირებული იყო IDF-თან, მანქანაზე იერიში მიიტანეს, როცა ისინი დეირ ალ-ბალაჰის საწყობს ტოვებდნენ. ეს არ არის მხოლოდ თავდასხმა WCK-ზე, არამედ ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციაზე, რომლებიც ყველაზე მძიმე სიტუაციებში ჩნდებიან, სადაც საჭმელი ომის იარაღია." - წერია World Central Kitchen-ის განცხადებაში

როგორც ცნობილია გარდაცვლილებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის, კანადის, პოლონეთის, აშშ-ს და ავსტრალიის მოქალაქეები. ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანეზი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ისინი ამჟამად სიღრმისეულ გამოძიებას ატარებენ უმაღლეს დონეზე აღნიშნული შემთხვევის შესახებ, რათა გაიგონ ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებები. ისრაელის თავდაცვის ძალები World Central Kitchen-თან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა მოსახლეობისთვის საკვების და დახმარების მიწოდების მიმართულებით. 

კომენტარები