რუსული კანონი

ესტონეთი: აგენტების კანონი საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროინტეგრაციას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა
ICDS/Arno Mikkor

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიციირებას ეხმაურება.

"საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების კანონის რეინიციირების გადაწყვეტილება, თუნდაც სხვა სახელით, მკვეთრად ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გადასცა. ის საფრთხეში აგდებს საქართველოს სამომავლო ევროინტეგრაციას." – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდი.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ხელახლა დააინიციირა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები