უკრაინა

პოროშენკოს არჩევნებში მონაწილეობა კვლავ სურს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ ომი უნდა დასრულდეს

პეტრო პოროშენკო
eurosolidarity.org

უკრაინის ექსპრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა კვლავ სურს, თუმცა, მისივე აზრით, მანამ, სანამ ხმის მიცემის პროცესი გაიმართება, საჭიროა საბრძოლო მოქმედებების დასრულება. ამის შესახებ მან Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"თუ მეკითხებით, ვაპირებ თუ არა მონაწილეობას მომდევნო არჩევნებში, დიახ [ვაპირებ]." – თქვა პოროშენკომ.

თუმცა ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების ჩასატარებლად უკრაინამ ჯერ წარმატებას უნდა მიაღწიოს საბრძოლო მოქმედებებში. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ უკრაინა ევროკავშირში შევა, ის ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ომის გამო არ ჩატარდა. 2023 წელს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს ომის შემდეგ და არა მის პარალელურად ჩატარებას.

2023 წლის ნოემბერში უკრაინის პარლამენტში მყოფმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომ მომდევნო არჩევნები მხოლოდ საომარი ვითარების დასრულების შემდეგ ჩატარდება.

 

კომენტარები