გენდერული კვოტირება

ომბუდსმენი: კვოტირების გაუქმებით ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს

ლევან იოსელიანი
დოლორეს ბილბაო/ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. ლევან იოსელიანის შეფასებით, გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის ინსტრუმენტია.

"აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა  ჩართულობის გასაზრდელად. 

გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს. 

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები" - აცხადებს სახალხო დამცველი.

პარტია გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება 1-ელ აპრილს ბიუროს სხდომაზე მოხდა. 

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას. მისი თქმით, სანაცვლოდ, ოცნებამ გირჩისგან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის "კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის". 

გირჩის ინიციატივის მიხედვით, გენდერული კვოტირება ხელს უშლის ქალების რეალურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. 

ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.

"გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს  თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა" – წერია განმარტებით ბარათში. 

კომენტარები