ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

WP: აშშ-მ ისრაელს მილიარდობით ღირებულების ავიაგამანადგურებლები და ბომბები გადასცა

ამერიკული F-35A-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები
Ore Huiying/Bloomberg

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების ავიაგამანადგურებლებისა და ბომბების გადაცემა დაადასტურა.

ამის შესახებ გამოცემას ამერიკელი მაღალჩინოსნები ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, რადგან პრეზიდენტის ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები გასაჯაროებული არ არის.

ახალი საბრძოლო მასალების პაკეტი ისრაელისთვის 1 800 ერთეულ 900-კილოგრამიან და 500 ერთეულ 500-კილოგრამიან MK82 ტიპის ბომბებს მოიცავს. ამასთანავე, წინა კვირას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელისთვის $2.5 მილიარდის ღირებულების 25 ერთეული F-35A-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გადაცემის განკარგულება გასცა. თუმცა, ამ საკითხზე, აშშ-ს კონგრესი 2008 წელს, ხოლო ბომბების გადაცემაზე რამდენიმე წლის წინ, შეთანხმდა. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებული არ ყოფილა, კონგრესმენებისთვის ახალი შეტყობინება გაეგზავნა.

პარალელურად, ბოლო პერიოდში ბაიდენის ადმინისტრაცია ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას, რომ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში ისრაელის მოსალოდნელი იერიში აშშ-სთვის მიუღებელია. თუმცა, ისრაელისთვის იარაღის გადაცემა აჩვენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს, ისრაელთან მიმართებით შეიარაღების გადაცემა ბერკეტად გამოიყენოს.

"ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერას". - ამბობს თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და ამატებს, რომ "დახმარების წინაპირობებით გაცემა ჩვენი პოლიტიკა არ ყოფილა".

კომენტარები