კრიმინალი

მეუღლეზე ძალადობდა – სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა - გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მითითებით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

"ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა" - ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი გუშინ, 29 მარტს დააკავეს. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ მყისიერად დაიწყო.

კომენტარები