ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: რაფაში შევალთ და აბსოლუტურ გამარჯვებას მივაღწევთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელის ჯარი ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ რაფაში შესვლას და "აბსოლუტური გამარჯვების" მოპოვებას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება ნეთანიაჰუმ ებრაული დღესასწაულის, პურიმის აღნიშვნისას, სამხედრო პოლიციის ერეზის ბატალიონის ოფიცრებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ამ დღეს ებრაელები სპარსეთში, მეფის მრჩეველ ჰამანისგან მათი ხალხის გადარჩენას აღნიშნავენ.

"რაფაში შევალთ და აბსოლუტურ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩვენ მოვიცილეთ ჰამანი და მოვიცილებთ [ჰამასის ლიდერს ღაზაში, იაჰია] სინვარს". - თქვა ნეთანიაჰუმ.

რაფაში ისრაელის მიერ დაგეგმილმა ოპერაციამ, რომელიც, ისრაელელი ოფიციალური პირების თქმით, აუცილებელია ჰამასის ტერორისტული ჯგუფის დარჩენილი ბატალიონების გასანადგურებლად, საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რადგან ქალაქს მილიონზე მეტი პალესტინელი დევნილი აფარებს თავს.

22 მარტს რაფაში ისრაელის დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თქვა, რომ ამან, შესაძლოა, ისრაელი გლობალურ იზოლაციაში მოაქციოს.

"ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის მიზანს, რომ ჰამასი გაანადგუროს, თუმცა მასშტაბური სახმელეთო სამხედრო ოპერაცია რაფაში არ არის გზა ჰამასის გასანადგურებლად" - თქვა ენტონი ბლინკენმა.

კომენტარები