რობინიოს საქმე

რობინიო 9-წლიან პატიმრობას ბრაზილიის ციხეში მოიხდის

ბრაზილიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფორვარდი, რობინიო 9-წლიან პატიმრობას ბრაზილიის ციხეში მოიხდის.  

2017 წელს რობინიოს იტალიის სასამართლომ 23 წლის ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობის ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება 2013 წელს ერთ-ერთ ღამის კლუბში ჩადენილ დანაშაულს, როდესაც ფეხბურთელი იტალიურ კლუბ მილანში თამაშობდა.

ამის შემდეგ რობინიო ბრაზილიაში დაბრუნდა, რადგან ამ ქვეყნის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქეების ექსტრადაციას კრძალავს.

2023 წელს კი იტალიის ხელისუფლებამ ბრაზილიურ მხარეს ოფიციალურად მიმართა და მოუწოდა, რომ ყოფილ ფეხბურთელს სასჯელი ბრაზილიურ ციხეში მოახდევინონ.

ბრაზილიის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობამ (ცხრა ორის წინააღმდეგ) იტალიელი კოლეგების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. უმაღლესი სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ, ფრანცისკო ფალკაომ აღნიშნა, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და მის დაუსჯელობას, შესაძლოა, იტალიასა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაფუჭება გამოეწვია. 

ყოფილ ფეხბურთელს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეუძლია. რობინიო ბრალდებას ამ დრომდე უარყოფს და იტალიის სასამართლოს რასიზმში ადანაშაულებს.

რობსონ დე სოუზა, იგივე რობინიო სხვადასხვა წლებში ევროპულ გრანდებში მადრიდის რეალში, მანჩესტერ სიტიში და მილანში თამაშობდა. ყოფილ ფორვარდს ბრაზილიის ნაკრებში 100 მატჩი აქვს გამართული.

კომენტარები