კრიმინალი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დამნაშავედ ცნეს

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის განცხადებით ირკვევა, რომ შეიარაღებული პირები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც ძალადობის მუქარით, დაეუფლნენ მათ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და 300 000 ლარის გადაცემას ითხოვდნენ.

"გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ივნისს, ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები განახორციელეს. სროლის შედეგად ერთ-ერთმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო." - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავებმა სამივე ბრალდებული დააკავეს, მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ", მესამე ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მეექვსე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და ორ პირს 10-10 წლით, ხოლო ერთს 8 წლით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები