მოლდოვა

გაგაუზიის მეთაური მაია სანდუს სასამართლოში ავტონომიის შეურაცხყოფისთვის უჩივლებს

გაგაუზიის მეთაური ევგენია გუცული და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ
Rupor.md

მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (მეთაური) ევგენია გუცული, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს.

გუცულის თქმით, სასამართლო დავის საბაბი, მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ავტონომიისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებია.

18 მარტს სანდუმ პრესკონფერენციაზე პრორუსული განწყობის მქონე გუცულის ბოლოდროინდელი ქმედებები ამ სიტყვებით შეაფასა:

"მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობაში არ არის იმ ადამიანის ადგილი, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფებაზე და არა გაგაუზიის მოსახლეობაზე მუშაობს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს. 

რუსეთის ფედერაცია ფსონს დებს კრიმინალურ დაჯგუფებებზე. სავარაუდოდ მას არ აკმაყოფილებს მოლდოვაში მოქმედი პრორუსული ძალების მუშაობა და მოლდოვის დესტაბილიზაციის მიზნით, გადაწყვიტა პირდაპირ კრიმინალებზე გააკეთოს ფსონი".

საპასუხოდ გუცულმა თქვა, რომ სანდუს განცხადებები "თავდასხმაა გაგაუზიელ ხალხზე და ავტონომიაზე".

"მისი განცხადებები ყველა გაგაუზს შეურაცხყოფას აყენებს. სანდუ და მისი პარტია არაფრად აგდებენ გაგაუზიას და გაგაუზიელი ამომრჩევლების ნებას. აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი მოქალაქე სანდუს მხრიდან ამ სიცრუესა და ცილისწამებას, მაგრამ დღეს მან ყველა ზღვარი გადაკვეთა. მას პასუხს კანონის წინაშე მოვთხოვ". – თქვა გუცულმა.


1 მარტს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ლიდერები მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს შეხვდნენ.

შეხვედრას გაგაუზიის მხრიდან რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გოცული და სახალხო კრების ხელმძღვანელი დმიტრი კონსტანტინოვი დაესწრნენ.

გუცულმა თქვა, რომ მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ირღვევა გაგაუზიელების უფლებები, ხოლო ავტონომიას სურს რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, კერძოდ კი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.

ერთი დღით ადრე მოსკოვს ასევე დახმარება სთხოვა დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ.

რუსეთში ვიზიტისას, გუცული სოჭში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ის პირველი მოლდოველი ოფიციალური პირი გახდა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს პირადად შეხვდა.

გუცულის თქმით, პუტინმა მასთან "იმ რთულ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ პრობლემებზე ილაპარაკა, რომელთა ცენტრში ჩვენი გაგაუზია იმყოფება". გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი "მზად არის მხარი დაუჭიროს გაგაუზიასა და გაგაუზიელ ხალხს".

მოგვიანებით ბაშკანმა თქვა, რომ "მოლდოველებს ევროპული სტანდარტის ცხოვრებას პირდებოდნენ, გაგაუზიის რესპუბლიკის მაცხოვრებლების ცხოვრების პირობები კი ყოველდღიურად უარესდება. რუსეთი მოლდოვასთან მეგობრული ურთიერთობით არის დაინტერესებული, პრეზიდენტ მაი სანდუ ამ ურთიერთობის გაწყვეტას და ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს".

8 მარტს მოლდოვის გენერალური პროკურორის მოვალეობების შემსრულებელმა, იონ მუნტიანუმ თქვა, რომ გუცულის წინააღმდეგ გამოძებაა დაწყებული.

გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.

ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები