რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ოდესაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადაიფიქრა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი გრანტ შაფსი კიევიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს, 8 მარტი, 2024

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის მდივანმა გრანტ შაფსმა უკრაინაში ყოფნის დროს ოდესაში ვიზიტი მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ბრიტანეთის დაზვერვამ იგი გააფრთხილა, რომ რუსეთი მისი მგზავრობის გეგმების შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

შაფსი ოდესაში გამგზავრებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ გეგმავდა. აღნიშნული შეხვედრის დროს რუსული რაკეტა ორი ქვეყნის ლიდერების კოლონიდან 500 მეტრში ჩამოვარდა, რასაც, უკრაინული მხარის თქმით, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებული ინციდენტის გამო შაფსის ვიზიტისას საფრთხის დონე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბრიტანელი მაღალჩინოსნების თანხლებით უკრაინაში მატარებლით პოლონეთიდან ჩავიდა. მგზავრობის მიზანი ზელენსკისთან და მისი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრის გამართვა იყო.

თუმცა, 7 მარტს კიევში ჩასვლის შემდეგ მისი ოდესაში გამგზავრება ბოლო წუთზე გადაიდო. ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ის ცნობით, ამის მიზეზი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის გაფრთხილება იყო, რომლის მიხედვითაც კრემლი დაგეგმილი მგზავრობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

"პუტინს უკვე ნაჩვენები აქვს, რომ უგუნური, სასტიკი და დაუდევარია". - თქვა გრანტ შაფსმა The Sunday Times-თან მომხდარზე საუბრის დროს.

მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ "გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს, ხოლო თავდაცვის მდივნის ვიზიტმა და შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, პუტინის აგრესიის ფონზე, ამ მხარდაჭერის მნიშვნელობას".

კომენტარები