ნიგერია

Reuters: ნიგერიის სკოლიდან 286-მდე გატაცებულის გასათავისუფლებლად $620 000-ს ითხოვენ

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში 286 გატაცებული სკოლის მოსწავლისა და თანამშრომლის გასათავისუფლებლად, ჯამში, $620 000-ს მოითხოვეს. ამის შესახებ გატაცებულთა ოჯახების წარმომადგენელმა Reuters-თან ისაუბრა.

Reuters-თან საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ გამტაცებლები ტელეფონით 12 მარტს დაუკავშირდნენ.

"მათ 20-დღიანი ულტიმატუმი მოგვცეს, რომლის ათვლა გატაცების დღიდან დაიწყო. გვითხრეს, რომ ყველა მოსწავლესა და სკოლის თანამშრომელს მოკლავენ, თუ მათ მოთხოვნას არ შევასრულებთ" – ამბობს გატაცებულთა ოჯახების წარმომადგენელი. 

შეიარაღებულმა პირებმა  ნიგერიაში სკოლიდან 286 მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი 7 მარტს გაიტაცეს. ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ბოლო კვირაში ეს სტუდენტების მასობრივი გატაცების მეორე შემთხვევაა.

ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა აჰმედ ტინუბუმ გატაცებულების დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა.

ქვეყანაში სკოლებიდან ბავშვების გატაცება ხშირია და პრობლემურ საკითხად მას შემდეგ იქცა, რაც 2014 წელს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ნიგერიის ერთ-ერთი სოფლიდან 200 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ Associated Press-თან განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა სკოლა ალყაში დილის 8 საათზე მოაქციეს. უსაფრთხოების ძალები ადგილზე რამდენიმე საათში გუბერნატორთან ერთად გამოჩნდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ჯგუფს აუღია. მანამდე, რამდენიმე დღის წინ, ექსტრემისტებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 200 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, გაიტაცეს.

 

კომენტარები