რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კვლავ ვრცელდება ცნობები ბელგოროდსა და ვორონეჟში დრონების ჩამოგდების შესახებ

SHOT-ის ცნობით, ერთ-ერთი დრონი, რომელიც ვორონეჟში ჩამოაგდეს

13 მარტის ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილი იერიშების შემდეგ ახალი თავდასხმების ცნობები ვრცელდება.

თავდაპირველად, დილის საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ მოსკოვის დროით 9:30-ზე კიდევ 7 დრონი მოიგერიეს. მათი თქმით, 7 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს, 1 კიდე ბელგოროდში. აქამდე უწყება წერდა, რომ მოიგერიეს 58 დრონი რუსეთის 7 სხვადასხვა ოლქში. 

ჩვენი დროით დაახლოებით 11:00-ზე, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ მის ოლქს თავს დაესხა ორი უკრაინული დრონი. მისი მტკიცებით, ერთი აპარატი მრავალსართულიან სახლს შეასკდა, თუმცა არავინ დაშავებულა, ხოლო მეორე მდინარეში ჩავარდა. თუმცა, ტელეგრამ-არხმა ASTRA-მ გლადკოვის ამ პოსტიდან მალევე დაწერა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) შენობა იყო. შემდეგში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა ცნობა, რომ ბელგოროდში კიდევ 2 დრონი ჩამოაგდეს.

გასულ ღამეს დრონების სამიზნე გახდა რუსეთის შვიდი ოლქი: ბელგოროდის, ბრიანსკის, რიაზანის, ვორონეჟის, კურსკის, ლენინგრადისა და ლიპეცკის ოლქები. რიაზანის ოლქში ხანძარი გაჩნდა როსნეფტის შვილობილი კომპანიის ნავთობგადამამუშავებელ დაწესებულებაში.

გასულ დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. ამას გარდა, 12 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა ქვედანაყოფებმა საზღვარზე შეტაკებები წამოიწყეს. ბრძოლები კურსკისა და ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარეობდა. პროუკრაინული ძალების მტკიცებით, მათ კურსკის მიმართულებით საზღვარი გაარღვიეს.

 

კომენტარები