კრიმინალი

შეიძინა და ინახავდა 266.9 გრამ მეთადონს – უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარედგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 266.9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს, რომლის ნაწილი - 260.1 გრამი სამართალდამცველებმა 8 მარტს, ქალაქ ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ხოლო 6.8 გრამი ნარკოტიკული საშუალება შსს-ს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს გასაღების მიზნით ჰქონდა შენახული. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთებიც ამოიღეს.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავებმა 8 მარტს დააკავეს ბრალდებული, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და სსკ-ის 19-260-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით, 14-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

კომენტარები