აშშ-ს დახმარება საქართველოს

2025 წელს აშშ საქართველოსთვის დახმარების $8 მილიონით შემცირებას გეგმავს

კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო, უცხოური ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების დეპარტამენტმა ქვეყნის კონგრესს მოთხოვნილ ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების დამასაბუთებელი დოკუმენტი წარუდგინა.

დოკუმენტში, რომელიც 2025 წლის ფისკალურ წელს ეხება, წერია, რომ 2025 წელს საქართველოს დახმარებისთვის $80 მილიონია მოთხოვნილი, მაგრამ წინა წელთან შედარებით დახმარება $8 მილიონით არის შემცირებული. 2023-2024 წლებში საქართველოსთვის აშშ-ს მიერ გამოყოფილი წლიური დახმარება $88 მილიონს შეადგენდა.

დოკუმენტის მიხედვით, მოთხოვნილი თანხის მიზანი, საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინ წაწევა, და მავნებლური გავლენების წინააღმდეგ ქვეყანაში გამძლე გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.

"დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შეკავებისა და გაწონასწორების, ასევე კანონის უზენაესობის პრინციპის გაძლიერებას; ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას დაეხმარება; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და გაწონასწორებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შერიგების მცდელობებს; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიას წაწევს წინ; ხელს შეუწყობს საჭირო რეფორმებს, რათა წახალისდეს ეკონომიკური განვითარება და დივერსიფიკაცია; წინ წავიდეს გაციფრულება და გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოება და მედეგობა; გაფართოვდეს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა; და დაეხმაროს საქართველოს მიიზიდოს უცხოური ინვესტიციები". - წერია დოკუმენტში.

კომენტარები