ლატვია-რუსეთი

ლატვიაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს პოლიცია შეამოწმებს

ITAR-TASS/Timur Subkhankulov

ლატვიის სახელმწიფო პოლიციის ხელმძღვანელის, არმანდს რუკსის თქმით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიგაში რუსეთის საელჩოს საარჩევნო უბანში შემავალ ადამიანებს პოლიციელები და მესაზღვრეები შეამოწმებენ. 

რუკსმა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილე ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ვიზასა და ბინადრობის ნებართვას შეუმოწმებენ. მისივე თქმით, შემოწმების დროს შესაძლოა ლატვიაში ბინადრობის კანონის სერიოზული დარღვევები აღმოაჩინონ, რასაც ქვეყნიდან დეპორტაცია შეიძლება მოჰყვეს. 

პოლიციის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ რუსეთში მცხოვრებ ლატვიის მოქალაქეებს ასეთივე შემოწმებები უტარდებათ, როცა ისინი საარჩევნო უბნებში მიდიან.

მანამდე, თებერვლის ბოლოს, ლატვიის იუსტიციის მინისტრმა ინესე ლიბინია-ეგნერემ თქვა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას კრძალავს.

"იმის ფონზე, რომ კრემლი არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატარებს, ჩვენ გავუგზავნეთ რუსეთს შეტყობინება მსჯავრდებით და განცხადებით, რომ ამ არჩევნების მხარდასაჭერად წესრიგის დაცვის განსაკუთრებულ ზომებს არ უზრუნველვყოფთ. პირიქით, ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, რომ ომის გამართლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ამიტომ, არსობრივად, ამ შეტყობინებით ვუთხარით, რომ საელჩოს საზღვრებს მიღმა წესრიგს დავიცავთ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც იქ შევლენ, არსობრივად, ომს უჭერენ მხარს". - თქვა ლიბინია-ეგნერემ. 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტიდან 17 მარტამდე ჩატარდება. რიგაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა რუსეთის საელჩოში შეეძლებათ, სადაც საარჩევნო უბანი 17 მარტს გაიხსნება. 

კომენტარები