ბანგლადეში

ბანგლადეშში ლექტორს გამოცდის დროს სტუდენტისთვის იარაღიდან სროლა ედება ბრალად

რაიჰან შარიფი
HANDOUT

ბანგლადეშში, სირაჯგანჯის სამედიცინო კოლეჯის ლექტორს, რაიჰან შარიფს გამოცდის დროს სტუდენტისთვის სროლა და მისი დაჭრა ედება ბრალად.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 23 წლის სტუდენტი, არაფატ ამინ ტომალი შარიფს ზეპირ გამოცდას აბარებდა, რა დროსაც მათ შორის კამათი დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიტყვიერი შელაპარაკების დროს ლექტორმა იარაღი ამოიღო, სტუდენტს დაუმიზნა და მარჯვენა ფეხში ესროლა.

ბანგლადეშური გაზეთი Daily Star-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტყვია ამინის შარვლის ჯიბეში ტელეფონს მოხვდა, რამაც ის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებისგან იხსნა.

Dhaka Tribune-ის ინფორმაციით, ინციდენტის დროს აუდიტორიაში 45 სტუდენტი იმყოფებოდა. მათ შეძლეს ამინის დახმარება და ლექტორის ოთახში ჩაკეტვა, მოგვიანებით კი პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა ოფიცრებმა შარიფი დააკაეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლექტორმა "სტუდენტს უკანონო პისტოლეტით ესროლა".

პოლიციის ცნობით, ოფიცრებმა შარიფს იარაღი ჩამოართვეს და მის ჩანთაში კიდევ ერთი პისტოლეტი, 81 ტყვია, 4 მჭიდი, 2 დანა და 10 ხანჯალი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, შარიფს იარაღი კოლეჯში ხშირად დაჰქონდა და ლექციების დროს სტუდენტებთან ამით თავსაც იწონებდა.

მიუხედავად იმისა, რომ შარიფი ინციდენტიდან მალევე დააკავეს, ის სამსახურიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ, სტუდენტების პროტესტის შემდეგ გაათავისუფლეს.

დაჭრილ სტუდენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მსგავსი ინციდენტები ბანგლადეშში, სადაც იარაღის ფლობასა და ტარებას მთავრობა მკაცრად აკონტროლებს, იშვიათია.

კომენტარები