აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

ქალაქ ვაშინგტონის პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპი დაამარცხა

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნიკი ჰეილიმ კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, ანუ დედაქალაქ ვაშინგტონში ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრაიმერიზში დაამარცხა.

თუმცა, როგორც ამერიკულ მედიაში წერენ, მოსალოდნელია, რომ ე.წ. სუპერ სამშაბათს, ანუ 5 მარტს, მაშინ, როცა ერთ დღეში ყველაზე ბევრ შტატში ტარდება პრაიმერიზის პროცესი, ტრამპი დელეგატების დიდ მხარდაჭერას მიიღებს. 5 მარტს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის ეს წინაასაარჩევნო პროცესი ჩატარდება 16 შტატში.

ამჟამად ტრამპს 244 საპრეზიდენტო დელეგატი უჭერს მხარს, ხოლო ჰეილის - მხოლოდ 43. ნომინაციაში გამარჯვებისთვის საჭიროა 1 215 დელეგატის მხარდაჭერა.

წინა მარცხების მიუხედავად, ჰეილი ამბობდა, რომ საპრეზიდენტო შეჯიბრს არ დატოვებდა და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდა. ყოფილმა პრეზიდენტმა ის საკუთარ შტატში, სამხრეთ კაროლინაში დაამარცხა.

ტრამპის კამპანია ჰეილის გამარჯვებას სარკასტულად გამოეხმაურა და მიულოცეს "ჭაობის დედოფლად დასახელება იმ ლობისტებისა და კოლუმბიის ოლქის შიდა კავშირების მიერ, რომლებსაც დაკარგული სტატუს კვოს შენარჩუნება უნდათ".

ვაშინგტონი არის ქალაქი, რომელშიც დემოკრატების მხარდამჭერთა რიცხვი განსაკუთრებით დიდია. აქ მხოლოდ 23 000 ადამიანია რესპუბლიკელად დარეგისტრირებული. დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის არჩევნებში ოლქი 92%-იანი უპირატესობით მოიგო.

კომენტარები