ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

იემენელი ჰუსიტები იმუქრებიან, რომ ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებენ

M/V Rubymar-ი
Ozan Kose/AFP via Getty Images

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ კვირას პირობა დადო, რომ ადენის ყურეში ბრიტანული ხომალდების მიზანში ამოღებას გააგრძელებს. ჰუსიტების განცხადება მას შემდეგ ვრცელდება, რაც გუშინ, 2 მარტს, ბრიტანული სატვირთო გემი Rubymar-ი, რომელიც ჰუსიტებმა 18 თებერვალს  დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა.

"იემენი დამატებით ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებს". - წერს ჰუსიტების მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ალ-ეზი X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე Rubymar იემენელმა ჰუსიტებმა იერიში 18 თებერვალს ბალისტიკური რაკეტით ბაბ ელ-მანდების სრუტეში მიიტანეს. თავდასხმის შემდეგ 12 დღის განმავლობაში გემი მიტოვებული იყო, თუმცა მისი უსაფრთხო პორტში გადაყვანა იგეგმებოდა.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ, რის გამოც წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება შეფერხდა, ხოლო 17 თებერვლიდან ჰუსიტების დაჯგუფება აშშ-მ ტერორისტთა სიაში დააბრუნა.

კომენტარები