ღაზის სექტორი

მაკრონი ღაზაში ჭყლეტისა და სროლის საქმეზე სიმართლის დადგენას და სამართლიანობას ითხოვს

 Ludovic Marin via AFP/Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა ღაზის სექტორში მომხდარ ჭყლეტასა და სროლაზე. მაკრონი ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სიმართლის დადგენას და სამართლიანობას ითხოვს.

ემანუელ მაკრონი მომხდარ ტრაგედიაში ისრაელელი ჯარისკაცების ჩართულობის გამოძიებას ითხოვს, რომლებმაც ჭყლეტის დროს სროლა დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა მხოლოდ იმ პირებს გაუხსნეს ცეცხლი, რომლებიც ისრაელის ჯარისკაცების ან ტანკების მხარეს მიიწევდნენ და საფრთხეს ქმნიდნენ. 

"აღშფოთებული ვარ ღაზის სურათებით, სადაც სამოქალაქო პირები მიზანში არიან ამოღებულები. ვგმობ ამ სროლას და მოვითხოვ სიმართლეს, სამართლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას" - დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ France Inter-ის რადიოში ინტერვიუსას თქვა, რომ საფრანგეთი გაეროში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას დაუჭერს მხარს. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ წარმოიქმნება ჭყლეტა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, რასაც 104 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორში ჩამოგდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას და დატვირთულ სატვირთოებს ერთობლივად ათასობით ადამიანი მიაწყდა.

ისრაელის მხარის ცნობით, სამხედროებმა იარაღი გაფრთხილების და ბრბოს დაშლის მიზნით რამდენჯერმე ისროლეს. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჯარისკაცების და მათი გამშვები პუნქტის მიმართულებით მიდიოდნენ და საფრთხეს წარმოადგენდნენ. 

ჰამასი სასიკვდილო ჭყლეტაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. მათი მტკიცებით, ჭყლეტა სწორედ ისრაელის ჯარისკაცების სროლამ გამოიწვია. 

კომენტარები