ახალი რუსული კანონი

ოცნება "ფსევდოლიბერალობის პროპაგანდისგან" დაცვის მიზნით კანონპროექტს დააინიცირებს

მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე პარლამენტში, 8 თებერვალი
ქართული ოცნება

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართული ოცნება აპირებს, შეიმუშავოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს" - კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ ორ კვირაში დაინიცირდება. 

მისი თქმით, დიდწილად "ფსევდოლიბერალური პროპაგანდის" შედეგად ახალგაზრდებს შორის "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა რაოდენობის"  მზარდი ტენდენცია  შემაშფოთებელია, შესაბამისად, მდინარაძის აზრით, მსგავსი ტიპის "აგრესიული პროპაგანდის" წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართელოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ვთანხმდებით პრინციპზე, რომ არავის და მითუმეტეს ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა...

ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა არ არის და ვერ იქნება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ. ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით - ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იღებს" - ამბობს უმრავლესობის ლიდერი.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, "ფსევდოლიბერალური იდეოლოგია" საზოგადოებისათვის სერიოზული საფრთხის შემცველია, შესაბამისად "არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან" დაპირისპირება ქართული საზოგადოების და ხელისუფლების პასუხიმგებლობაა.

"წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს [...]

ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული". - თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.

კომენტარები