მიხეილ სააკაშვილის საქმე

მაჭარაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. მაჭარაშვილი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს.

"ამ რეზოლუციას ჰქვია - ევროპარლამენტი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თუ რამე აღვივებს, სწორედ ასეთი ტიპის რეზოლუციებია [...] ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, რომ პატიმარი სააკაშვილი კანონის დარღვევით გამოუშვან. რა თქმა უნდა, ანტიევროპული განწყობა ზუსტად ეს არის. როცა ჩვენ ანტიდასავლური დეზინფორმაციის შეკავებაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ესაა. ევროპარლამენტმა ასეთი რეზოლუციების მიღებისგან თავი შეიკავოს და ანტიდასავლური განწყობები აღარ იქნება [...] თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეიწყალებს, ამ გადაწყვეტილებით, ის, პრაქტიკულად, სააკაშვილს შეეხიდება და მასთან ვივამედში დაჯდება". - ამბობს მაჭარაშვილი.

28 თებერვალს ევროპარლამენტმა ორი ანგარიში მიიღო, რომლებშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული, ერთ-ერთი შესწორება კი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ამ შესწორების ავტორი პოლონელი ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფის გენერალური მდივანი, ანა ფოტიგაა.

შესწორებაში ნათქვამია: "გამეორებულია მოწოდება, რომ გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ ნიადაგზე და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს მისი შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას".

ფოტიგამ საკუთარ X-ზე დაწერა, რომ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინის პირადი მტერი და პატიმარია და მისი ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვან.

კომენტარები