მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტის მიღებული ანგარიშის შესწორება ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას მოუწოდებს

ანა ფოტიგა

ევროპარლამენტმა გასულ დღეს, 28 თებერვალს მიიღო ორი ანგარიში, რომლებშიც გამოხატულია საქართველოსადმი მხარდაჭერა, ერთ-ერთი შესწორება კი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ევროპარლამენტი განიხილავდა დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშებს საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ. 116-ე შესწორება, რომლის ავტორიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა, მაკალისტერის დოკუმენტში შედის.

შესწორებაში ნათქვამია: "გამეორებულია მოწოდება, რომ გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ ნიადაგზე და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს მისი შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას".

ფოტიგამ საკუთარ X-ზე დაწერა, რომ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინის პირადი მტერი და პატიმარია და მისი ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვან.

ამას გარდა, ფოტიგამ შეიტანა კიდევ ერთი, მე-80 შესწორება, რომელშიც მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის გეგმები, ააშენონ ოკუპირებულ ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზა.

ანგარიშებში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მკაცრადაა დაგმობილი რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ამას გარდა, დოკუმენტებში დადებითად არის შეფასებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, გაეცათ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის. ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს "პოტენციურად მასტაბილიზებელი როლი" სამხრეთ კავკასიაში. ამას გარდა, ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში, მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ჩართულობა გააგრძელოს.

კომენტარები