არჩევნები 2024

"საფრთხეა საარჩევნო სისტემისთვის" - აშშ-ს ელჩმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციაზე ისაუბრა

საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე. მისი თქმით, არსებობს საფრთხე რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის, რაც დემოკრატიული და საარჩევნო სისტემისთვის საფრთხის შემცველია.

"პირველი შეკითხვა ეხებოდა რუსეთის პოტენციურ ჩარევას საქართველოს არჩევნებში, მე მინდა ვთქვა, რომ არ მჯერა, რომ რუსეთი არის ძალა, რომელიც მოიტანს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის და ვფიქრობ, რომ არსებობს რეალური საფრთხე რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიულ სისტემის ნდობას აქ და ასევე, საფრთხის ქვეშ დააყენებს საარჩევნო სისტემას.

ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს სრულ მზაობას, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, რათა უზრუნველყოს არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება. რათა არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა, რომ ქართველებმა იცოდნენ, როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მივლენ, მათი ხმა იქნება დაცული, გათვალისწინებული და დათვლილი. ჩვენ ვხარჯავთ საკუთარ რესურსებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა და ამის კეთებას გავაგრძელებთ".- თქვა რობინ დანიგანმა.


რუსეთის მხრიდან საქართველოს არჩევნებში პოტენციურ ჩარევაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა, "ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება". - თქვა პრეზიდენტმა.  

კომენტარები