საფრანგეთი

ატალი ლე პენს: თქვენ რომ გაგემარჯვათ, ახლა იარაღს რუსეთს მივაწვდიდით უკრაინელების გასაჟლეტად

BFMTV

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა პარლამენტში უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნის საკითხზე ისაუბრა და მარინ ლე პენს მიმართა. მისი თქმით, 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენს რომ გაემარჯვა ახლა საფრანგეთი იარაღს უკრაინის ნაცვლად რუსეთს მიაწოდებდა. 

"თქვენ იცავდით სამხედრო ალიანსს რუსეთთან. სულ რაღაც ორი წლის წინ ეს თქვენს პროგრამაში იყო. თქვენ რომ გაგემარჯვათ, ჩვენ ახლა უკრაინას კი არ მივაწვდიდით იარაღს თავის დასაცავად, არამედ რუსეთს მივაწვდიდით უკრაინელების გასაჟლეტად. ჯერ კიდევ საკითხავია, რუსეთის ჯარები ნამდვილად არ არიან საფრანგეთში? საუბარია თქვენზე და თქვენს ჯარზე" - თქვა გაბრიელ ატალმა. 

მარინ ლე პენმა გაბრიელ ატალის გამოსვლიდან მალევე დარბაზი დატოვა და ჟურნალისტებთან თქვა, რომ პრემიერმინისტრის გამოსვლა ზიზღით სავსე იყო.

თავდაპირველად გაბრიელ ატალმა Le Figaro-ს საშუალებით მარინ ლე პენს სოფლის მეურნეობის თემაზე დებატი შესთავაზა, თუმცა კამათი საბოლოოდ უკრაინის ომის განხილვაში გადაიზარდა. აქამდე ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ფრანგი ჯარისკაცების ჩართვა უკრაინის ომში არ იყო გამორიცხული, რაც მარინ ლე პენმა გააკრიტიკა. 

კომენტარები