ბახმარო

სასტუმრო, სპა ცენტრი, რესტორანი, კინოთეატრი – ორბი ჯგუფის გეგმები ბახმაროში

კურორტ ბახმაროში ორბი ჯგუფის მიერ დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით, ორბის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ და პროექტის ავტორი ბრიტანული კომპანიის, WilkinsonEyre-ის წარმომადგენელმა ბრიფინგი გამართეს. მხარეების თქმით, ადგილზე სასტუმროს, გამაჯანსაღებელი ცენტრის, რესტორნის, კინოთეატრის აშენება და საბავშვო სივცრეების მოწყობა იგეგმება.

"ეს მშენებლობა მხოლოდ იმას არ მოიაზრებს, რომ იმ ადამიანებს უმასპინძლოს, რომლებიც ამ სასტუმროში დარჩებიან. არამედ, გათვალისწინებულია ბახმაროში მცხოვრები ხალხიც. აქ მოიაზრება რეკრეაციული ზონა, სპა-ცენტრები, რესტორანი, კინოთეატრი და საბავშვო სივრცეები. ეს საზოგადოებაზე ორიენტირებული სივრცე იქნება.

შენობა-ნაგებობების ინტეგრირება ბახმაროს ლანდშაფტან და არსებულ გარემოსთან მოხდება. იმ ლანდშაფტს, რომელსაც მშენებლობის დროს გარკვეული ზიანი მიადგება, სრულად აღვადგენთ და თავდაპირველ სახეს მივცემთ. სამუშაოების დროს, ადგილობრივ სამშენებლო მასალებს, ბუნებრივ ხესა და ქვას გამოვიყენებთ". - თქვა ბრიტანული კომპანიის, WilkinsonEyre-ის წარმომადგენელმა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ავტორია. 

ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის თქმით, კომპანია გენგეგმის პარამეტრებს სრულად იცავს და მათ მიერ არანაირი ზედმეტი ტერიტორიის ათვისება არ იგეგმება.

"ბახმაროსთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მის ხვალინდელ განვითარებას კარს გაუღებს - უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანების სოფლად დაბრუნებას, ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებას, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, უფრო მეტი ტურისტის მიღებასა და საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას [...] ჩვენს კომპანიას ბახმაროს ლანდშაფტის დაზიანებისა და განადგურების არანაირი ინტერესი არ აქვს. ჩვენი მიზანია, ბახმარო თანამედროვე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ვაქციოთ.

კომპანია გენგეგმის პარამეტრებს სრულად იცავს. პროექტის პირველი ფაზისთვის შესაბამისი ნებართვა უკვე გაცემულია [...] გენგეგმით გათვალისწინებული ზვავსაშიში ზონის ტერიტორიაზე შენობები არ აშენდება". - თქვა კვერღელიძემ.

ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორის განცხადებით, მისი კომპანია ბახმაროში100 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს. ის ამბობს, რომ პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, კურორტზე 300 000 ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა იქნება.

კომენტარები